გაიხსნა თბილისის ზოოპარკის საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“
04/04/2015
თქვენთვის არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს!

გაიხსნა თბილისის ზოოპარკის საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“!

კლუბის შესახებ
 
თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გაიხსნა თბილისის ზოოპარკის საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“. კლუბის სტუმრების განკარგულებაშია როგორც გადახურული მანეჟი, ისე ღია მოედანი. მანეჟში ვარჯიშის გარდა დენდროპარკში შესაძლებელია საცხენოსნო ბილიკებზე გასეირნება და საცხენოსნო ტურების ორგანიზება.

დაეუფლეთ ცხენოსნობას საცხენოსნო კლუბში „სპირიტი“. ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ გაკვეთილებს ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის. გამოცდილი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ შეგიძლიათ ცხენოსნობის როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიულ დონეზე შესწავლა. კლუბში 30-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ცხენი და პონია, რაც შესაფერისი ცხენის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა დამწყები და პროფესიონალი მოჯირითეებისთვის.


რატომ „სპირიტი“?

დააღწიეთ თავი ხმაურიან ქალაქს, მტვრიან ქუჩებს, ოფისის კედლებს და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ესტუმრეთ ჩვენს საცხენოსნო კლუბს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად, დაისვენეთ, მხიარულად გაატარეთ თავისუფალი დრო და გამოსცადეთ ჯირითით მიღებული სიამოვნება. თუ სპორტული მწვერვალების დაპყრობას არ გეგმავთ, შეგიძლიათ სამოყვარულო დონეზე დაეუფლოთ ცხენოსნობას. სულ რამდენიმე ვარჯიშია საკმარისი, რომ თავდაჯერებულად მოკალათდეთ უნაგირზე და უპრობლემოდ შეძლოთ არა მხოლოდ მანეჟში, არამედ დენდროპარკის ტერიტორიაზე გასეირნება.  

ცხენზე ჯირითი დადებითი ემოციების ულევი წყაროა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტონუსის ამაღლების გარდა ცხენოსნობა დაგეხმარებათ განტვირთვაში, სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში. ცხენებთან, ამ ლამაზ, ჭკვიან ცხოველებთან ურთიერთობა ახალი ძალითა და ენერგიით აგავსებთ. კლუბში მიღებული სიამოვნება და პოზიტიური მუხტი დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ.


„სპირიტი“ ბავშვებისთვის
 
კლუბში მიიღებიან ბავშვები 11 წლის ასაკიდან. ცხენოსნობა მოზარდებისთვის მეტად სასარგებლო სპორტის სახეობადაა აღიარებული, რადგან ცხენზე ჯდომა ხელს უწყობს ბავშვების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ განვითარებასაც. ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორები პატარებს სპეციალურად მომზადებულ, მშვიდ და მორჩილ ცხენებზე ავარჯიშებენ.

პონიკლუბი
 
ჩვენს ყველაზე პატარა მეგობრებს „სპირიტის“ პონიკლუბი უმასპინძლებს. პატარები აღტაცებულნი დარჩებიან საყვარელ, ალერსიან პონებთან ურთიერთობით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცხოველების სტაფილოთი და ორცხობილებით გამასპინძლებისა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემათ.

დღის ბანაკი
 
თუ გსურთ, თქვენმა ბავშვებმა მხიარულად და ჯანსაღად გაატარონ დრო სუფთა ჰაერზე, კლუბის დღის ბანაკში გეპატიჟებით. დღის ბანაკი მასპინძლობს პატარებს 5-დან 11 წლის ასაკამდე. ბავშვები მთელ დღეს (11:00-დან 17:00 საათამდე) კლუბში ატარებენ; სწავლობენ ცხენზე ჯირითს, ინსტრუქტორების თანხლებით დადიან ლაშქრობებში დენდროპარკის ტერიტორიაზე, თამაშობენ და ერთობიან ეკოლოგიურად სუფთა, სასიამოვნო გარემოში. მომსახურებაში შედის 2-ჯერადი კვება და ცხენოსნობის 2 გაკვეთილი. 
 

კლუბი „სპირიტი“თავისუფლება, სიამოვნება, ჯანმრთელობა!