ჩვენ კიდევ ერთი ახალშობილი გვყავს!
25/05/2015
ჩვენი ხალებიანი ირმების წყვილს უსაყვარლესი ნუკრი გაუჩნდა. პატარას ვარსკვლავებით მოჭედილი ცასავით ქათიბი, გრძელი ფეხები და დაცქვეტილი ყურები აქვს. დედაც და შვილიც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ახალშობილს ხან ვოლიერში მდებარე ხის სახლში სძინავს, ხანაც გარეთ გამოჰყავს დედას სასეირნოდ. 

ხალებიანი ირემი ევრაზიის კონტინენტზე ფართოდ იყო გავრცელებული. მისი საცხოვრებელი არეალი შემდეგ ტერიტორიებს მოიცავდა: სამხრეთ უსურიის ოლქი, აღმ. ციმბირი, ჩინეთი, იაპონია, კორეა, მანჯურია, ტაივანი და ვიეტნამის ნაწილი. ეს სახეობა ხელოვნურად იქნა შეყვანილი რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა აქ მალევე გადაშენდა ნადირობის შედეგად. მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია LC – საჭიროებს ზრუნვას.