თბილისის ზოოპარკი წყალდიდობიდან 10 დღის შემდეგ
24/06/2015
უკვე მე-10 დღეა თბილისის ზოოპარკში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელსაც წყალდიდობის დროს ტერიტორიაზე დაგროვილი ნაგავი და ტალახი გააქვს. ამ მომენტისთვის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად განადგურდა და აღდგენას არ ექვემდებარება ზოოპარკის ქვედა ნაწილში მდებარე ღია ვოლიერები, რომლებიც წყალდიდობამ დააზიანა, ესენია: დათვების, ვეფხვების, ლომების, ჰიპოპოტამის, აფთრების, მილკბილას, მელების, მგლების, თუთიყუშებისა და ნიანგის ვოლიერები. ასევე კრიტიკულ მდგომარეობაშია მტაცებლებისა და პრიმატების დახურული ვოლიერები და პინგვინების ვოლიერი. მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ზოოპარკის შიდა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.
 
სტიქიიდან მე-4 დღეს, ყველასგან მოულოდნელად, საშინელი ტრაგედია დატრიალდა. წყალდიდობის დროს ზოოპარკიდან გაქცეულმა თეთრმა ვეფხვმა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მიყრუებულ სარდაფში იმალებოდა, ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვეფხვი სპეციალური სამსახურების მიერ ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

ჯერჯერობით ვერ მოხერხდა 1 უსურიის ვეფხვის, სალიმას პოვნა.

თბილისის ზოოპარკისთვის ამ მეტად კრიტიკულ დღეებში საქართველოში ჩამოვიდნენ პრაღის, ზლინისა და უსტინა ლაბეს, იერუსალიმის, ერევნის ზოოპარკების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში. თბილისის ზოოპარკს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციამ (EAZA). შეგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკი ამჟამად ამ ასოციაციის წევრობის კანდიდატია.

ტერიტორიის გასუფთავებისა და მოწესრიგების გარდა ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპოპოტამისთვის ახალი ვოლიერის აშენება, რადგან ამჟამად ბეგი დროებით სპილოების ვოლიერშია შესახლებული. მნიშვნელოვანია მისი დროულად გადაყვანა ახალ ვოლიერში, მით უფრო, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად მისთვის აუცილებელი იქნება ზამთრის ვოლიერი თბილი წყლის აუზით. ასევე, დროულადაა აღსადგენი აფრიკული პინგვინების აუზი და ვოლიერი, რადგან ამჟამად ისინი მტაცებელი ფრინველების ვოლიერში იმყოფებიან. დროებით თავშესაფარში არიან გადაყვანილნი ნიანგები, გასაკეთებელია მარტორქის ზამთრის ვოლიერიც.

ამჟამად მიმდინარეობს საუბარი თბილისის ზოოპარკის გადატანაზე თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე (არსებული ზოოპარკის ტერიტორია 9 ჰექტარია, თბილისის ზღვის ტერიტორია კი 48 ჰექტარს შეადგენს). იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოოდ გადაწყდა ზოოპარკის გადატანა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისევ ამ ადგილას მოგვიწევს დარჩენა, რადგან ახალი ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ვოლიერების მშენებლობა საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია. ასე რომ, ამ უმძიმეს პერიოდში ძალიან გვესაჭიროება როგორც მორალური, ისე ფინანსური მხარდაჭერა, რათა შევძლოთ არა მხოლოდ არსებული ტერიტორიისა და ვოლიერების აღდგენა და გადარჩენილ ცხოველებზე ზრუნვა, არამედ პარალელურად, ზოოპარკის გადატანის რთულ პროექტზე მუშაობა.