ნიანგის ვოლიერის შეკეთება დასრულდა
17/07/2015
რამდენიმე დღის წინ ნილოსის ნიანგის ვოლიერის შეკეთება დავასრულეთ და პინგვინების დაზიანებულ ვოლიერში დროებით შესახლებული კუბური ნიანგი ფიდელი იქ გადავიყვანეთ. თავად „სახლის პატრონი“, ნილოსის ნიანგი ნელი დროებით ეგზოტარიუმშია მოთავსებული. პინგვინები ამჟამად ანდური კონდორის ვოლიერში აფარებენ თავს, კონდორი ლომების ახალ ვოლიერში ცხოვრობს. ის ლომები კი, რომლებისთვისაც ეს ვოლიერი შენდებოდა, სამწუხაროდ აღარ გვყავს.
 
ნიანგის ერთი ვოლიერიდან მეორეში გადაყვანა თავისთავად ძალიან რისკიანი პროცედურაა. აქეთ კბილები, იქით კუდი... ხასიათიც სახელის შესაბამისი აქვს – ფიდელი ჭეშმარიტი რევოლუციონერის სულისკვეთებით გამოირჩევა და როგორც მოსალოდნელი იყო, საოცარი თავგამოდებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას.


საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ფიდელი ნელის ვოლიერშია, ნელი – ეგზოტარიუმში, პინგვინები – კონდორთან, კონდორი – ლომების ვოლიერში. იმ ლომების, რომლებიც აღარ გვყავს...