კლუბი „სპირიტი“ – თავისუფლება, სიამოვნება, ჯანმრთელობა!

კლუბის შესახებ

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე, ფუნქციონირებს თბილისისზოოპარკის საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“. კლუბის სტუმრების განკარგულებაშია როგორც გადახურული მანეჟი, ისე ღია მოედანი. მანეჟში ვარჯიშის გარდა, შესაძლებელია საცხენოსნო ბილიკებზე გასეირნება დენდროპარკში და საცხენოსნო ტურების ორგანიზება.

დაეუფლეთ ცხენოსნობას საცხენოსნო კლუბში „სპირიტი“. ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ გაკვეთილებს ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის. გამოცდილი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ შეგიძლიათ ცხენოსნობის როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიულ დონეზე შესწავლა. კლუბში 30-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ცხენი და პონია, რაც შესაფერისი ცხენის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა დამწყები და პროფესიონალი მოჯირითეებისთვის.

რატომ „სპირიტი“?

დააღწიეთ თავი ხმაურიან ქალაქს, მტვრიან ქუჩებს, ოფისის კედლებს და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ესტუმრეთ საცხენოსნო კლუბს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად. დაისვენეთ, მხიარულად გაატარეთ თავისუფალი დრო და გამოსცადეთ ჯირითით მიღებული სიამოვნება. თუ სპორტული მწვერვალების დაპყრობას არ გეგმავთ, შეგიძლიათ სამოყვარულო დონეზე დაეუფლოთ ცხენოსნობას. სულ რამდენიმე ვარჯიშია საკმარისი, რომ თავდაჯერებულად მოკალათდეთ უნაგირზე და უპრობლემოდ შეძლოთ არა მხოლოდ მანეჟში, არამედ დენდროპარკის ტერიტორიაზე გასეირნება.

ცხენზე ჯირითი დადებითი ემოციების ულევი წყაროა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტონუსის ამაღლების გარდა, ცხენოსნობა დაგეხმარებათ განტვირთვაში, სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში. ცხენებთან, ამ ლამაზ, ჭკვიან ცხოველებთან ურთიერთობა ახალი ძალითა და ენერგიით აგავსებთ. კლუბში მიღებული სიამოვნება და პოზიტიური მუხტი დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ.

„სპირიტი“ ბავშვებისთვის

კლუბში მიიღებიან ბავშვები 6 წლის ასაკიდან. ცხენოსნობა მოზარდებისთვის მეტად სასარგებლო სპორტის სახეობადაა აღიარებული, რადგან ცხენზე ჯდომა ხელს უწყობს ბავშვების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ განვითარებასაც. ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორები პატარებს სპეციალურად მომზადებულ, მშვიდ და მორჩილ ცხენებზე ავარჯიშებენ.

პონიკლუბი

ჩვენს ყველაზე პატარა მეგობრებს „სპირიტის“ პონიკლუბი უმასპინძლებს. პატარები აღტაცებულნი დარჩებიან საყვარელ, ალერსიან პონებთან ურთიერთობით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცხოველების სტაფილოთი და ორცხობილებით გამასპინძლებისა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემათ.

 

დასვენების დღეები: ორშაბათი და პარასკევი.

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე.

შესვენება: 13:00-დან 14:00 საათამდე.

შენიშვნა

სასურველია, გაკვეთილზე გამოცხადდეთ მოხერხებული ტანსაცმლით და დაბალძირიანი, კომფორტული ფეხსაცმლით. საცხენოსნო კლუბი მოსწავლეებს უზრუნველყოფს ჩაფხუტებითა და დამცავი ჟილეტებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ დარეკოთ მითუთებულ ნომერზე.

გია ღოღობერიძე
თბილისის ზოოპარკის საცხენოსნო განყოფილების უფროსი
ტელ.: (+995) 599 711205

რუკა