სიახლეები
სპილოს ოპერაციასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია
18 სექტემბერს თბილისის ზოოლოგიური პარკის ბინადარ სპილო გრანდს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგი, პეტერ კერტესი გააკეთებს. 17 სექტემბერს თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილი პროცედურის შესახებ.
 
სპილო გრანდს ეშვები აქვს მოტეხილი, თანაც ყბის ძვალთან იმდენად ახლოს, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელია. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობამ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა მისი დაღუპვა გამოიწვიოს; ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.
 
ექიმი პეტერ კერტესი ლონდონის ცენტრში არსებული პრესტიჟული სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელი და ამასთან, ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტომატოლოგია. მას სპილოების ეშვების ამოღების ასამდე ოპერაცია აქვს ჩატარებული. გრანდის ოპერაციისთვის ექიმი თბილისს 4 ასისტენტთან ერთად ესტუმრა. შთამბეჭდავად გამოიყურება ქირურგიული მანიპულაციებისთვის აუცილებელი სპეციალური აღჭურვილობა: სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტებით სავსე 15 ყუთი, რომელიც საერთო ჯამში დაახლოებით 400 კილოგრამს იწონის.
 
თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია, ამიტომ ოპერაციისთვის თბილისში ჩამოვიდა EAZA-ს წარმომადგენელი მარიო ჰოედმეკერი, თბილისის ზოოპარკის ზედამხედველი და მენტორი. ოპერაციას ერევნის ზოოპარკის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ 18 წლის აზიური მამრი სპილო გრანდი ერევნის ზოოპარკიდან 12 ივნისს ჩამოვიდა.
 
ეშვების ამოღების ოპერაცია მეტად სერიოზული და დაძაბული პროცესია, რომელიც ათეულობით ადამიანის ძალისხმევას მოითხოვს. ერთი ეშვის მოშორებას რამდენიმე საათი სჭირდება, ასეთი დიდი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა კი ძალზე სარისკოა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდეგ ვეღარ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. იმედია ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდება და ეს ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაივლის.
 
თბილისის ზოოპარკს ამ პროექტის განხორციელებაში მხარში ამოუდგნენ პარტნიორი კომპანიები: სპილოს ერევნიდან თბილისში ტრანსპორტირება კომპანია DHL-მა ითავა, კომპანია „ავერსმა“ კი ზოოპარკი ოპერაციისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყო.