სიახლეები
გამწვანების აქციაში მონაწილეების რეგისტრაციის ვადა 23 აპრილამდე გაგრძელდა
ძვირფასო მეგობრებო, 

როგორც იცით, ა.წ. 26 აპრილს თბილისის ზოოპარკში გამწვანების აქცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ზოოპარკის ტერიტორიისა და ავტომაგისტრალის ცოცხალი ბარიერით გამიჯვნაა დაგეგმილი. 400-მეტრიანი ღობის გასამწვანებლად ტუიას 1200 ნერგია საჭირო, თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ნერგების აუცილებელი რაოდენობის მოგროვება ვერ მოხერხდა; ამიტომ, გადავწყვიტეთ რეგისტრაციის ვადის 23 აპრილამდე გაგრძელება იმ იმედით, რომ კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები თუ კომპანიები, რომლებიც ამ კეთილი საქმის განხორციელებაში დაგვეხმარებიან.

ზოოპარკის მისამართით ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ჩვენი ბინადრები მაგისტრალის გვერდით, ხმაურსა და მტვერში ცხოვრობენ. საზოგადოების მხრიდან ესოდენ დიდი გულისტკივილი, ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაფიქრებინებდა, რომ გზატკეცილისა და ზოოპარკის მწვანე ბარიერით გამიჯვნაში უამრავი მოხალისე დაგვეხმარებოდა; თუმცა რეალურად, დახმარების მსურველი გამკრიტიკებელზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა. 

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი ქალაქის, ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება არა მხოლოდ კრიტიკით, არამედ უშუალოდ ქმედებითაც გვეცადა. სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ჰაერში გასროლილ სიტყვებზე მეტად კეთილი საქმის გაკეთება უხდება... და თუ ნამდვილად, გულწრფელად შეგიტკივათ გული, სწორედ ახლა გეძლევათ სასარგებლო საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა და იმედია ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებთ.

შეგახსენებთ, რომ აქციაში მონაწილეობა, ნერგების დარგვამდე, პირველ რიგში, ნერგების შეძენას გულისხმობს. თითო ნერგის ღირებულება 7 ლარია. 

აქვე დიდ მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც 1 ან 2 ნერგის შეძენით ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას ჩვენს წამოწყებაში. ჩვენთვის 1 ნერგიც კი მნიშვნელოვანია!

დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 233 29 01, ან დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: pr@zoo.ge. იმედს ვიტოვებთ, რომ 23 აპრილამდე აქციას კიდევ ბევრი მოხალისე შემოუერთდება. 

თბილისის ზოოპარკი თითოეული ჩვენგანის, ჩვენი და ჩვენი შვილების ზოოპარკია, მისი ბინადრები კი ჩვენი მეგობრები არიან. 

შემოგვიერთდით და ჩაერთეთ გამწვანების აქციაში!
 
ერთად გავაკეთოთ კეთილი საქმე!
 
ერთად გავამწვანოთ ჩვენი ზოოპარკი!