სიახლეები
ზოოპარკში აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე აღინიშნა
2 აპრილი – აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე თბილისის ზოოპარკში საქველმოქმედო ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე 150 ბავშვი დაესწრო. მიწვეულ პატარებსა და მათ მშობლებს ზოოპარკმა უფასოდ უმასპინძლა. ღონისძიებამ, სლოგანით „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ ძალიან მხიარულად ჩაიარა. საგანმანათლებლო ცენტრის მიმდებარე ტერასაზე  ბავშვებისთვის სახალისო, გასართობი აქტივობები ჩატარდა. ჯამბაზისა და პრინცესების პროგრამის დასრულების შემდეგ პატარებს პონის მოფერებისა და მასთან ერთად გასეირნების საშუალება მიეცათ. ზეიმის დასასრულს სტუმრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და საჩუქრებიც დაურიგეს.
 
2  აპრილის აღნიშვნის მიზანი აუტიზმის  შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ქვეყანაში აუტიზმის მქონე ბავშვთა დროული გამოვლენისა და ადრეული მკურნალობის  ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ: ნეიროგანვითარების ცენტრი, თბილისის ზოოპარკი, თბილისის საკრებულო, გადამზიდავი კომპანიები: DHL, TNT, UPS და პირველი დრიფტგუნდი საქართველოში Slide Empire – Drift Team.