სიახლეები
მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“

სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების საყურადღებოდ!

2015 წლის 20-23 მაისს თბილისის ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“.

კონფერენციის მიზანია:

• მოზარდთა ეკოლოგიური განათლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბება, ინფორმირება და ჩართვა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესში;
• მოზარდებში დადებითი, კეთილშობილური ქცევის სტიმულირება ცოცხალი სამყაროს სხვა წარმომადგენლების მიმართ;
• ადამიანსა და ცოცხალ ბუნებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სიახლე კონფერენციის თემატიკაში!

2015 წლის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის თემა:

„ცხოველებთან დაკავშირებული სტერეოტიპები საზოგადოებაში და მათი გავლენა ადამიანთა ქცევაზე“.

გამომდინარე იქიდან, რომ თემა „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ ძალიან ზოგადი და მრავლისმომცველია, მისი ნაწილებად დაყოფა და თითოეული კონფერენციის რომელიმე კონკრეტული საკითხისადმი მიძღვნა გადაწყდა. 

ამგვარი მიდგომა დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს:

• ბუნებაში მიმდინარე პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევასა და რეალისტურ შეფასებაში;
• კრიტიკული აზროვნების განვითარებაში;
• საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციისა და ქცევის ჩამოყალიბებაში.

1. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შინაარსი უნდა ესადაგებოდეს კონფერენციის თემას;
2. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 A4 ზომის ნაბეჭდ გვერდს. ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე (ნაშრომის მოკლე მიმოხილვა);
3. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური სახით;
4. კონფერენციის მონაწილეთა ასაკი: საშუალო სკოლის V-XII კლასების მოსწავლეები;
5. კონფერენციის II ტურში გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ სიგელი ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის დიპლომებით;
6. დიპლომები გადაეცემათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსაც;
7. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში 2015 წლის 16-დან 31 მარტამდე (შესაძლებელია ტელეფონით რეგისტრაციაც). რეგისტრაციისას მითითებული უნდა იქნას მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა და საკონტაქტო ინფორმაცია;
8. ნაშრომების მიღება დაიწყება 2015 წლის 1 აპრილიდან და გაგრძელდება 30 აპრილამდე;
9. კონფერენციის II ტურში გადასულთა სია გამოქვეყნდება 2015 წლის 15 მაისს; 
10. 2015 წლის 20, 21, 22 მაისს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში შედგება II ტურში გადასული მოსწავლეების  ნაშრომების პრეზენტაცია.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:

1. ნამუშევარში გადმოცემული მასალა შეესაბამება კონფერენციის თემატიკას: წარმოდგენილი ნამუშევრის შინაარსი, კონფერენციის თემის სათაურიდან გამომდინარე, უნდა ეხებოდეს უშუალოდ ცხოველებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს და მათ ზეგავლენას ადამიანისა და ცხოველის თანაცხოვრებაზე – მაქსიმუმ 5 ქულა;
2. ნამუშევარში წარმოდგენილია სტერეოტიპი, განხილულია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ნაშრომში ჩანს მოსწავლის დაკვირვება, მსჯელობა და დამოკიდებულება დასმული საკითხისადმი – მაქსიმუმ 5 ქულა;
3. მოსწავლეს აქვს მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის უნარი. ნაშრომის შესრულებისას გამოყენებული ლიტერატურული მონაცემები სანდოა და მრავალფეროვანი – მაქსიმუმ 5 ქულა;
4. მოხსენების ორგანიზებისა და გაფორმების კრიტერიუმები: მოხსენება ლაკონურია, კარგად არის გადმოცემული ნაშრომის დედააზრი. ნაშრომის პრეზენტაციისას მოსწავლე იყენებს ვიზუალური გადმოცემის სხვადასხვა ხერხს (სქემები, ფოტოები, ნახატები) – მაქსიმუმ 5 ქულა. 

მთლიანად ნაშრომის შესაფასებელი მაქსიმალური ქულაა 20.

II ტურში გადასული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაციის განრიგი:

20 მაისი: V-VI კლასის მოსწავლეები.
21 მაისი: VII-VIII კლასის მოსწავლეები.
22 მაისი: IX-XII კლასის მოსწავლეები.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 23 მაისს.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს.

ტელ.: 213 10 88, 595 90 67 90
ელფოსტა: education@zoo.ge