სიახლეები
თბილისის ზოოპარკის გამწვანების აქცია

ჩვენო გულშემატკივრებო და ერთგულო მეგობრებო!

4 აპრილს, შაბათს თბილისის ზოოპარკში გამწვანების აქცია იგეგმება. გასულ წელს ზოოპარკში გამწვანების პირველი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, რომელიც ზოოპარკის ავტომაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გამიჯვნას ისახავდა მიზნად. აქციის მონაწილეების დახმარებით ტერიტორიაზე წიწვოვანი ტუიას 1300-მდე ნერგი დაირგო. წლევანდელი აქციის მიზანი უკვე არსებული ნარგავების ხაზის მეტად დაგრძელება და გზატკეცილის მომიჯნავე ტერიტორიის სრული შემოსაზღვრაა. რამდენიმე წელიწადში ეს ცოცხალი ღობე ბუნებრივ, ლამაზ ბარიერს შექმნის ზოოპარკსა და ავტომაგისტრალს შორის და ცხოველების ვოლიერებსაც დაიცავს მტვრისა და ხმაურისაგან.    

აქციაში მონაწილეობა გულისხმობს ნერგების შეძენას კონკრეტული ორგანიზაციისგან, სადაც სპეციალურად ზოოპარკისთვის მომზადდება 1,20 მ. სიმაღლის ტუიას ნერგები. თითო ნერგის ღირებულებაა 7 ლარი.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს.

აქციაში მონაწილეობის პროცედურა:

• განსაზღვრეთ, რა თანხის გამოყოფა შეგიძლიათ ნერგების საყიდლად;
• გაიარეთ რეგისტრაცია 10-დან 30 მარტის ჩათვლით: დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 233 29 01, ან დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: irina.kiasashvili@zoo.ge და მიიღეთ ინფორმაცია ნერგების შეძენის პროცედურასთან დაკავშირებით. ნერგების მოტანას და დასარგავი ადგილების მომზადებას ზოოპარკი გაუწევს ორგანიზებას;
• 4 აპრილს, 13:00 საათზე სურვილისამებრ, თავად მიიღეთ მონაწილეობა ნერგების დარგვაში.

ჩვენი დედაქალაქის ინტენსიური განაშენიანების პარალელურად მის გამწვანებაზე ზრუნვაც არ უნდა დავივიწყოთ. იმედია, ამ სასარგებლო აქციას წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება და ერთობლივი ძალებით შევძლებთ ზოოპარკის, ქალაქის ცენტრში არსებული პატარა პარკის შენარჩუნებასა და გალამაზებას.

თბილისის ზოოპარკი თითოეული ჩვენგანის, ჩვენი და ჩვენი შვილების ზოოპარკია,

მისი ბინადრები კი ჩვენი  მეგობრები არიან!

შემოგვიერთდით და ჩაერთეთ გამწვანების აქციაში!

ერთად გავაკეთოთ კეთილი საქმე!

ერთად გავამწვანოთ ჩვენი ზოოპარკი!