სიახლეები
მოხალისეების დღე თბილისის ზოოპარკში
მოხალისეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორის, ლევან ბუთხუზის მორიგი ლექცია, სახელწოდებით: „კიდობნის მშენებლობა“.

საჭიროა თუ არა ზოოპარკები? თუ თვლით, რომ საჭიროა, გიფიქრიათ არგუმენტირებულ პასუხზე, რატომ? თუ გგონიათ, რომ არა, კონკრეტულად, რატომ არა? რა მიზანს ემსახურება დღევანდელი ზოოპარკები მსოფლიოში და ეფექტიანია თუ არა ის დანახარჯი, რომელსაც მუნიციპალიტეტები გაიღებენ მათ შესანახად? მსოფლიოში ზოოპარკებს რეკორდული რაოდენობის მოხალისეები ჰყავთ. რატომ? რა არის მათი მოტივაცია? ვინ შეიძლება იყოს მოხალისე? – სწორედ ეს თემები იქნა მიმოხილული ლექციაზე, რომლის სადისკუსიო ნაწილიც დაეთმო სხვადასხვა დაპირისპირებულ მოსაზრებებს ცხოველთა უფლებების შესახებ. 

ლევან ბუთხუზის ლექციები თბილისის ზოოპარკისა და კომპანია „სილქნეტის" პროექტის, „National Geographic საქართველოს“ ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივის „ველური ბუნება და ჩვენ“ ფარგლებში ტარდება.
 
ლექციის შემდეგ თბილისის ზოოპარკის მოხალისეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ყველა მოხალისეს გადაეცა დიპლომი; გარდა ამისა, გამოვლინდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები, რომლებიც სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
 
საჩუქრებისთვის დიდ მადლობას ვუხდით კომპანია „ორიფლეიმ ჯორჯიას“ და „National Geographic საქართველოს“.