თბილისის ზოოპარკი გთავაზობთ იპოთერაპიის კურსს

იპოთერაპია, ანუ სამკურნალო ცხენოსნობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია არაერთი დაავადების სამკურნალოდ. საცხენოსნო თერაპიას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების – აუტისტების, მეტყველების დეფექტისა და დაუნის სინდრომის მქონეთა კომპლექსურ მკურნალობაში. იპოთერაპია ძალიან ეფექტიანია ბავშვთა ცერებრალური დამბლის, ჰიპერაქტიურობის სინდრომის, ნევროზებისა და სხვა დაავადებების დროს. 

მაგალითისთვის, ცერებრალური დამბლის მკურნალობისას ცხენოსნობა ფიზიკური ვარჯიშის საუკეთესო საშუალებად ითვლება, რადგან ცხენის რხევებს უნიკალური გავლენა აქვს პროპრიოცეპტულ პროცესებზე და მთელ კუნთოვან სისტემაზე. აუტიზმის დროს უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი – ურთიერთობა დიდ, კეთილ ცხოველთან; ამას ემატება მულტისენსორული სტიმულაციაც – ცხენის სითბო, სუნი, რიტმული მოძრაობა, ბალანსის დაჭერის აუცილებლობა. ზოგ შემთხვევაში ბავშვი პირველად ზუსტად ცხენთან ამყარებს თვალის კონტაქტს, რაც შემდგომში ხალხთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება მას.

ინდივიდუალური  გაკვეთილები:

  • გაკვეთილის ხანგრძლივობა – 30 წუთი;
  • აუცილებელი კურსი – 20 გაკვეთილი;
  • გაკვეთილის ღირებულება – 20 ლარი;
  • სრული კურსის ღირებულება – 400 ლარი.

ანგარიშსწორება ხდება გაკვეთილის დასრულებისთანავე.

ფასდაკლების პაკეტი:

სრული კურსის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება და კურსის ღირებულება შეადგენს 300 ლარს.

ანგარიშსწორება ხდება ორ ეტაპად:

  • I ეტაპი – 150 ლარი კურსის დაწყებამდე (10 გაკვეთილის საფასური);
  • II ეტაპი – 150 ლარი 10 გაკვეთილის შემდეგ (დარჩენილი 10 გაკვეთილის საფასური). 

ანგარიშსწორება შესაძლებელია ადგილზე, ან თბილისის ზოოლოგიური პარკის ბუღალტერიაში.

გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ:

  • ოთხშაბათი – 14:00 საათიდან;
  • ხუთშაბათი – 11:00 საათიდან;
  • შაბათი – 11:00 საათიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია

დინა ანთელავა
პედაგოგი
ტელ.:
(+995) 599 901965

დინა ანთელავა – მოზარდთა ფსიქიატრი

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი. 1998 წელს დაამთავრა მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის რეზიდენტურა, მოზარდთა ფსიქიატრის სპეციალობით.

თავიდანვე დაინტერესდა რეაბილიტაციის საკითხებით. 1998-2000 წლებში იყო „ფსიქიურად დაავადებულების რეაბილიტაციის ფონდის“ დამაარსებელი და ვიცე-პრეზიდენტი, მუშაობდა არტთერაპიის ჯგუფში, ფსიქიატრიის ინსტიტუტში.

2005 წლიდან დაიწყო ბავშვებთან მუშაობა; თავდაპირველად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრში „სან-კამილო“, სადაც პირველად სცადა ცხოველების ჩართვა ბავშვებთან მუშაობაში. ამ მეთოდმა აჩვენა, თუ როგორ ინტერესს და მოტივაციას იწვევს პატარებში ძაღლთან, კატასთან, ზაზუნასთან ურთიერთობა, რამდენად უადვილდებათ მათ ფსიქოთერაპევტთან კონტაქტი და ხალხთან კომუნიკაცია.

2011 წელს გაიარა ტრენინგი და სერტიფიცირება იპოთერაპიაში ლისის ტბასთან არსებულ რაიდთერაპიის ცენტრში „რაიდმედი“. 1 წლის განმავლობაში იყო მოხალისე, შემდეგ კი გადავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავლაში, სადაც ჩართული იყო იპოთერაპიის პროექტში და მუშაობდა აუტისტ ბავშვებთან.

2011 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიული საზოგადოების წევრი და ბავშვთა ფსოქოანალიზის ტრენინგპროგრამის მონაწილე.